1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა ქართველებმა ხსოვნის საღამო მიუძღვნეს.
ღონისძიება ჰოლანდიაში საქართველოს კულტურის ცენტრისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. ამსტერდამში მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ქართულ ტაძარში ხსოვნის საღამოზე დასასწრებად ბელგიასა და გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც მივიდნენ.
საქართველოსთვის 9 აპრილის მნიშვნელობაზე ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა, საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში კონსტანტინე სურგულაძემ და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ ისაუბრეს. დიდ ეკრანზე 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ჯარისკაცების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის დოკუმენტური კადრები აჩვენეს. ემოციური ვიდეოკადრები ემიგრანტებმაც ემოციურად აღიქვეს და აღნიშნეს, რომ წლების შემდეგაც რუსთაველის გამზირზე განვითარებული ტრაგიკული ამბები მოუშუშებელ ტკივილად რჩება. 27 წლის წინ განვითარებული მოვლენების მონაწილე თავად თიკა სვანიძე-ვენკო და მისი ძმა გიორგიც იყვნენ.
1989 წლის 9 აპრილს დაღუპული 21 მშვიდობიანი დემონსტრანტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მეუფე დოსითეოსმა აღავლინა.
9 აპრილის ხსოვნის საღამოს დასრულების შემდეგ, ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსმა პარაკლისი გადაიხადა და მრევლი აზიარა.