ამსტერდამის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის 850 წლის საიუბილეო თარიღს კონფერენცია მიეძღვნა.
როგორც ცნობილია, იუნესკომ წლევანდელი წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა და ღონისძიება სწორედ დიდ ქართველ პოეტსა და პოემა "ვეფხისტყაოსანს" მიეძღვნა. ქართველი ემიგრანტებისა და უცხოელი აუდიტორიის წინაშე საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ვენკო წარდგნენ. ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის შემოქმედების ირგვლივ კონფერენციები ჰოლანდიის სხვა უნივერსიტეტებშიც იგეგმება.
ახალგაზრდა ელჩმა თამარ ჟუჟუნაძემ და მისმა ასისტენტმა გვანცა გარსევანიშვილმა სტუმრებს პოემის ძირითადი თემა და პერსონაჟები გააცნეს.
ქართველმა ემიგრანტებმა და შოთა რუსთაველის შემოქმედებით დაინტერესებულმა უცხოელებმა „ვეფხისტყაოსნიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს. კონფერენციას ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი დაესწრო.
კონფერენციის პარალელურად, მოეწყო ფიქრია ჭაბუკიანის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, რომლებიც ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის მიერ იქნა მოწოდებული. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი უნიკალური ქართული ანბანის ნიმუშებიც.
ინტერესი გამოიწვია გათანამედროვებული ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენამაც, რომლის პრეზენტაცია ჰოლანდიაში კომპანია TikaTours Georgia-ს ორგანიზებით მოხერხდა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, ანსამბლ „მედეას“ კონცერტი გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ქართული კერძებისა და ღვინოების დაგემოვნების საშუალებაც მიეცათ.
2011 წელს ფონდ „არტ ექოს“ ძალისხმევით ქალაქ ლაიდენის უნივერსიტეტის წინ მდებარე შენობას დიდი ქართველი პოეტის აფორიზმი ამშვენებს.