ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მორიგი კულტურული ღონისძიება გაიმართა. ამჯერად, პროექტი ფართომასშტაბიანი და მრავალფეროვანი გამოდგა.
ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის თიკა სვანიძე-ვენკოსა და მისი თანაგუნდელების ძალისხმევით, ამსტერდამის ჯვართამაღლების სახელობის ქართულ ეკლესიაში, ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის მასტერკლასი გაიმართა. დირიჟორმა ქეთევან წიკლაურმა დაინტერესებულ საზოგადოებას მეგრული სიმღერა „კირიალესა“ შეასწავლა.
მასტერ-კლასის შემდეგ, ჰოლანდიურმა ჯგუფმა „სლავუიმ“ ქართული სიმღერების შესრულებით საზოგადოება გააოცა და აამღერა. კონცერტი თიკა სვანიძე-ვენკომ ოჯახის წევრებთან ერთად შესრულებული სიმღერით დაასრულა.
ქართულად ამღერებული ჰოლანდიელების კონცერტის შემდეგ, საზოგადოების წინაშე ანსამბლი „მედეა“ წარსდგა, რომლის ხელმძღვანელი ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ბელგიასა და ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის ცეკვის პედაგოგი მედეა ჟორჟოლიანია.
პროექტის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია, ქართული მინანქრის ვორქშოფი და ქართული კერძების მომზადება-დეგუსტაციაც გაიმართა. მოწვეული სტუმრები ხინკლის მომზადების პროცესსაც გაეცნენ.
ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში არსებული საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
კულტურული პროგრამის შემდეგ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა წირვა-ლოცვა აღავლინა.