კომპანია TIKA TOURS-ის ხელმძღვანელის, თიკა სვანიძე-ვენკოს ორგანიზებით ამსტერდამში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია და ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნა. ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დიდი ხნის ოცნება ასრულდა და ამიერიდან წირვა-ლოცვა სისტემატიურად აღევლინება. ეკლესია ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა აკურთხა. ამსტერდამში ჰოლანდიის სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველებიც ჩავიდნენ და ეკლესიის კურთხევას დაესწრნენ.
TIKA TOURS-ის ხელმძღვანელის, თიკა სვანიძე-ვენკოს ორგანიზებით დაფუძნებულ ქართული კულტურის ცენტრში ემიგრანტები და მათი შვილები ქართულ წერა-კითხვას, ისტორიას, გეოგრაფიას და კულტურას შეისწავლიან.
საკვირაო სკოლას ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ისტორიის, ქართული ხალხური ზღაპრების წიგნები და დისკები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ საჩუქრად გადასცა.
ქართული კულტურის ცენტრის პრეზენტაციას და ეკლესიის კურთხევას ემიგრანტებთან ერთად საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საქართველოს ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის განცხადებით, ქართული ეკლესია და კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში დაბადებული ქართველებისთვის მნიშვნელოვანია.
ჰოლანდიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ქორეოგრაფიული სტუდიაც იმუშავებს, რომელსაც პროფესიონალი მოცეკვავე მედეა ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. ცეკვის პირველი სახელდახელო გაკვეთილი პრეზენტაციის დასრულებისთანავე ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი. ქართული სიმღერები ფოლკლორულმა ანსამბლმა „მამულმა“ შეასრულა. ემიგრანტებისთვის თიკა სვანიძე-ვენკომ და მისმა შვილებმაც იმღერეს. კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერების შემსწავლელი სტუდიაც იქნება. როგორც ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველები აღნიშნავენ. ქართული ეკლესია და კულტურის ცენტრი მნიშვნელოვანია თითოეული ემიგრანტისთვის.
პრეზენტაციაზე ქართული კერძებისა და სასმელების დეგუსტაციაც გაიმართა.
კომპანია TIKA TOURS-ს არაერთი კულტურული ღონისძიება აქვს დაგეგმილი, რაც უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციას მოემსახურება.