უამინდობის მიუხედავად, ნიდერლანდების სამეფოს კუნძულ ტექსელზე მდებარე ქართველი ჯარისკაცების საფლავები ჰოლანდიაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა მოინახულეს.
თანამემამულე წინაპრების ხსოვნის პატივსაცემად, კუნძულზე, ბელგიაში მცხოვრები ქართველებიც გადავიდნენ. ყოველი წლის 4 მაისს, საძმო საფლავზე ჰოლანდიელებიც იკრიბებიან.
მემორიალი გვირგვინით საქართველოს საკონსულოსა და თბილისიდან ჩასული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეამკეს. ცერემონიას ტექსელის ბურგომისტრიც დაესწრო.
„ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრისთვის“ ტექსელზე გადასვლა და ხსოვნის საღამოს გამართვა ტრადიციად იქცა.
კუნძულ ტექსელზე დაკრძალული 500-მდე ქართველი ჯარისკაცის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წირვა-ლოცვა ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოს, მეუფე სტეფანესთან ერთად აღავლინა. წელს დიდი ხნის ჩანაფიქრი რეალობად იქცა. სამშენებლო კომპანია „აზიმუტის“ დახმარებით, მემორიალზე ქვის ჯვარი აღიმართა.
ქართულ-ჰოლანდიური ურთიერთობები მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იღებს სათავეს. დღეს ნიდერლანდების სამეფოში არაერთი წარმატებული ქართველი ემიგრანტი საქმიანობს.
ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, „ქართული კულტურის ცენტრმა“ სტუმრებს ქართული კერძებით უმასპინძლა. საქართველოს სადღეგრძელო ქართული ღვინით შეისვა, ანსამბლ „მედეას“ წევრებმა კი, შეკრებილი საზოგადოებისთვის კონცერტი გამართეს.