ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მდებარე კაფე-რესტორანი „სოხუმი“ ქართველი ემიგრანტების თავშეყრის საყვარელი ადგილია. ქართული კერძები რესტორნის მფლობელმა იზოლდა კვიციანმა უცხოელებსაც შეაყვარა.
„სოხუმი“ ჰოლანდიაში ქართული კულტურისა და კულინარიის ცენტრად იქცა. ამჯერად ამსტერდამში მდებარე ქართული კულტურის ცენტრისა და კომპანია „თიკა ტურის“ ხელმძღვანელის თიკა სვანიძე-ვენკოსა და კაფე-რესტორან „სოხუმის“ მფლობელის, იზოლდა კვიციანის ორგანიზებით, ჰააგაში „თბილისობის“ დღესასწაული აღინიშნა.
რესტორანში ქართველი ემიგრანტების გარდა, უცხოელებმაც მოიყარეს თავი, რომლებმაც ქართული სიმღერების ფონზე ჩურჩხელები ამოავლეს. მოამზადეს ხინკალი და სულგუნიც გადაზილეს.
მსგავსი კულტურული ღონისძიებები „სოხუმში“ ხშირად იმართება.
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის განცხადებით, მსგავსი კულტურული ღონისძიებები საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ბევრმა უცხოელმა საქართველოსა და ქართული კულინარიის შესახებ სწორედ კაფე-რესტორან „სოხუმიდან“ შეიტყო და ისინი ქართული კერძების დასაგემოვნებლად რესტორანში ხშირად დადიან.